ვუყურებ და ვიცი რომ აქ არ არის.
საიდან ვატყობ? – თვალებში რაღაც იდუმალი ცეცხლი უკრთის, სახეზე კი ნაზი ღიმილი აქვს გადაფენილი. აი ისეთი მომხიბვლელ ყმაწვილებს რომ უმასპინძლდებიან ხოლმე. თუმცა კი თავს მაინც ვერ დავდებ, რომ ახლა პაემანზეა, ფიქრებით, რა თქმა უნდა.
ხშირად შემინიშნავს როგორ გასცქერის ჰორიზონტს, ვის ან რას არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ნამდვილად ელოდება. ეს მოლოდინია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის იმედი ალბათ. სხვა მხრივ ყოველდღიურობით ცხოვრობს. კარგად რომ ჩავეძიო, შეიძლება ამ ყოველდღიურობაში წარსულის ზმანებებიც აღმოვაჩინო, ის კი ვიცი, რომ სამომავლოს არაფერს ქმნის. უნიათოდ ითვლის გარდასულ წლებს და ყველა ძველ მოგონებას 180 გრადუსით ატრიალებს. არ ვიცი რისგან მოსდის ეს, გამოცდილებისგან თუ პირიქით, გამოუცდელობისგან. რამდენიმე დეტალი მის ცხოვრებაში უკვე სამწუხარო ფაქტად გადაიქცა, მაგალითად ის, რომ ყოველდღიურად კარგავს რეალობის შეგრძნებას. ქმნის სამყაროს, სადაც ყველა მას ებრძვის და ამბობს, რომ არ აქვს დეპრესია.
იშიათად უბრუნდება ქალაქს. დაუვლის ძველ შუკებს, ქუჩებს, ბაზრობებს, სანაპიროებს. რაღაცებს შეაფასებს, რაღაცებს გადააფასებს, მოიწონებს, ან პირიქით – გადაიწონებს. დაუვლის დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ხელში ოჯახის ღვინის ბოთლით, მოიკითახვს მათ ავსა და კარგს, გაიგებს ჭორებსა და სკანდალებს, აქაც შეაფასებს, გადააფასებს, ურჩევს, გადაარჩევს და წავა.
ქალაქში ვიზიტის აღსანიშნად იყიდის რამდენიმე სახის ბურღულეულს, სარეცხი საშუალებებს, საყვარელ ყავას და სხვა წვრილმან ნივთებს.
დაუბრუნდება საღამოს მარშრუტით სოფელს და იგრძნობს მიწის სუნს.
დაუვლის სათითაოდ ყველა ოთახს, გადაუყრის ქათმებს საკენკს, გზადაგზა გაიძრობს ქალაქის მტვრისგან გათელილ სამოსს, შეიხსნის საკინძეს და უკვე სიბნელეში, გვიან ღამით, მიუშვერს მკერდს უმთვარო ღამეს.
მიუჯდება ღუმელს, სანთელს და წიგნს – თავის უცვლელ მესაიდუმლეს.
პ.ს
ვიცი რომ “მარტოსული” ერთად იწერება. 🙂