აი ბევრჯერ რომ უნდა დამეწყო აქამდე, იმ პოსტის დაწერას ვაპირებ.
ძალიან რთულია უკან დაბრუნება, ბლოგზე დაბრუნებას ვგულისხმობ. ძნელია ძალისხმევის მოკრეფა, რომ როგორმე ერთ პოსტში ჩაატიო შენი ცხოვრება და მკითხველს გასაჯიჯგნად მისცე.
არ იცი რა ტიპის მკითხველი შემოსუნსულდება, არ იცი როგორ განგსჯიან, იუმორით მიუდგებიან შენს პოსტს, კრიტიკულად თუ საერთოდ ვინმე პათეტიკურ გოგოდ აღგიქვამენ.
მაგრამ შემოსუნსულებულო მკითხველო ბლოგის დადებითი მხარეც ის არის რომ არავის პულსაციაზე არ გაქვს ხელი დადებული და აქ მხოლოდ იმას ვწერთ რაც ჩვენ გვინდა.
მაშ ასე, პოსტი რომელიც ბევრჯერ უნდა დამეწერა.
ბოიზ, ბოიზ, და რელეიშნშითს..
დავიწყებ იქიდან რომ ყველგან ყველაფერი ერთნაირად ხდება, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია რომ საფრანგეთში, ამერიკაში ავსტრალიაში ანდა თუნდაც უგანდაში რაშებზე ამხედრებული ყმაწვილები დათარეშობენ.
ტყუილები და იმედგაცრუებები ყველგან ერთნაირია, ერთნაირი ტკივილით სავსე. ეს ტკივილი თავიდან თორემ, მერე უკვე მარტო სიაცარიელეს გრძნობ.
მაშ ასე, პოსტი რომელიც ბევრჯერ უნდა დამეწერა.
აქამდე არ დავწერე იმიტომ რომ ცვლილების იმედი მქონდა, ერთხელ თუ შევხვდი ასეთს, მეორედ აღარ შევხვდები მეთქი, მეორედ რომ შევხვდი მესამედ აღარ შევხვდები თქო, და სანამ ათჯერ არ გავები ერთსა და იმავე ხაფანგში იქამდე არ დავიწყე პოსტი, რომელიც აქამდე ბევრჯერ უნდა დამეწერა.
ყველაზე საშიშია ემოციური ბიჭი, მე არ ვიცი ფსიქოლოგები ამ კლასის ადამიანებს რა ტერმინოლოგიით აღჭურვავენ, მაგრამ მე მათ უბრალოდ ემოციურ ბიჭებს ვუწოდებ.
ემოციური ბიჭი საკმაოდ გავრცელებული სახეობაა, ყველა ეროვნების, ყველა რასის, ფერისა თუ სარწმუნოებისას შეიძლება შეხვდეთ.
ახასიათებთ “აფექტური მოწონება”, ჩემი აზრით სწორედ ამ ტიპის ბიჭებისგან მომდინარეობის ტერმინი “ერთი ნახვით შეყვარება”, რასაც მე პირადად დავასურლებდი “ერთი ნახვით გადაყვარებით”.
ეს ემოციური ბიჭები პირველივე შეხვდრიდან ასკვნიან რომ მოსწონხარ და ყველა ნაბიჯზე მახეების დაგებას იწყებენ რომ შეგაბან.
ლამაზი სიტყვები და იმის მტკიცება რომ მათ ეს პირველად ზუსტად შენთან იგრძნეს.
რა ნაცრისფერია სამყარო მაშინ როცა წინასწარ, შეგიძლია უკვე მათი ყველა მომავალი მოქმედების განჭვრეტა, რაც მთავრია შეგიძლია აფექტის მდგომარეობაში მყოფ ყმაწვილს, გადაასხა ცივი წყალი და უთხრა რომ მისნაირს ბევრს შეხვდრილხარ, რომ იცი რა მოკლეა მათი გრძნობა და რამდენად სწრაფად დაგტოვებენ.
აი ამ დროს არის დრო მეორე შემოტივისა. ბიჭებს არ უყვართ როცა სხვას ადარებენ, საოცრად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, მათ არც წარსული გამოცდილების გაზიარება ხიბლავთ დიდად, ვინაიდან საკუთარი პატივმოყვარეობა მათ ერთადერთობის შეგრძნებას უმყარებთ.
რაც არ უნდა იყოს, გაცნობიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში, ემოციური ტიპის ბიჭები გამუდმებით გვაჯერებენ საკუთარი გრძნობებს და რატომღაც ასეთივე სისწრაფით ელიან ჩვენგანაც პასუხს. რა თქმა უნდა გაურკვევლობა მათ აცოფებთ.
მაგრამ ბოლოს, როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი, როცა მოტყდები და შენც გაუშვებ იმპულსებს ემოციური ბიჭისკენ, მონადირის ინსტიქტით აღჭურვილს ბიჭს, როგორც წესი მუღამი ეკარგება და ნელ-ნელა იპარება ჩვენი ცხოვრებიდან.
ამ დროს თუ ჰკითხავთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, რატომ გაცივდა ურთიერთობა თითქმის არცერთ მათგანს არ ეყოფა იმის სიმამაცე რომ აღიროს ის, რაც ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ისინი უბრალოდ აფექტში იყვნენ.
არცერთი მათგანი არ იტყვის რომ მუღამი დაეკარგა.