ერთ წიგნში წავიკითხე რომ ყველა ძაღლის ემსგავსება თავის პატრონს, ჩვენ ადამიანები ძაღლები არ ვართ მაგრამ ხშირად ჩვენც ვემსგავსებით მათ, ვისთანაც ურთიერთობაში ვართ. ისე ეს წიგნი ელზაბეტ ჯილბერტის – “ჭამე, ილოცე, შეიყვარეა”. დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თუმცა ერთხელ წასაკითხად მაინც ღირდა.
ჩვენ ჩვენდა უნებურად, ან ჩვენდა ნებლიედ ხშირად სხვებს უფლებას ვაძლევთ შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში და დაიდონ აქ ბინა. კარადაში ჩამოკიდონ საკუთარი ტანსაცმელი, ჩვენს კბილის ჯარგისთან დადონ საკუთარი, ჩვენს ფეხსაცმელებს თავიანთი მიუწყონ გვერდით, უცბად გააჩინონ ორი ჩაის ჭიქა, ორი თეფში, და ორი აზრი.
თავიდან სანამ საკუთარ ნივთებს ალაგებენ, ვერ ვხდებთ რა ხდება, მერე კი როცა მოწესრიგდებიან, აღმოჩნდება რომ რაღაც არ მოსწონთ. არ მოსწონთ ჩვენი თმის სტილი და ისე, რჩევის სახით, საკუთარი აზრის გამოხატვის სახით ცდილობენ ის შეგვაცვლევინონ. შემდეგ არ მოსწონთ ჩვენი წონა და ურჩევნიათ სხვა წონა გვქონდეს, შემოგვაპარებენ, რომ უკეთესი იქნებოდა მუცელი თუ უფრო მეტად დაჭიმული გვექნებოდა. შემდეგ გვეუბნებიან რომ ჩვენი ჩაცმის სტილი ოდნავ ძველმოდურია, ან ძალიან ქალური, ძალიან ბავშვური, ძალიან გამომწვევი, ძალიან დახურულია, ან…
ნელნელა, ჩვენდა უნებურად ან ჩვენდა ნებლიედ, ჩვენც ვიწყებთ ცვლილებებს, ერთ დღეს სასხვათაშორისოდ მივაკითხავთ სილამაზის სალონს, მერე ფრჩხილებს გავიკეთებთ, ლაქს წავისვამთ, დივანზე საცვლებით ჯდომას გადავეჩვებით, 12 საათის შემდეგ აღარ შევჭამთ, შევიყვარებთ ახალ მუსიკოსებს, გავიჩენთ ახალ ჩვევებს და ეს ცვლილებები იქამდე გაგრძელდება სანამ არ მივხვდებით რომ პირველადი “მესგან” აღარაფერი დარჩა..
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ისინი არასოდეს გვაიძულებენ რამეს, ისინი გვირჩევენ უბრალოდ და ჩვენც მივყვებით მათ რჩევებს, ისე რომ არ ვფიქრობთ, ნელნელა ჩვენც მოგვწონს “ახალი საკუთარი თავი”, ნელნელა შეუმჩნეველი ხდება ცვლილება, იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გამოგვცლიან, გამოგვფიტაენ.
ერთ დღეს, თუკი გაგვიმართლა და მათ დავშორდით, მივხვდებით რომ ჩვენ აღარ ვარსებობთ, გვეუცხოება ძველი ფოტოები, ნაწყვეტებად გვახსენდება ძველი ჩვევები, ძველი შეხედულებები, ძველი ქცევები.
ვხვდებით რომ ჩვენ დავკარგეთ ჩენი თავი და დავემსგავსეთ ჩვენს “პარტონებს”. ვხვდებით რომ ახლა არ ვიციტ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ აღარვინ გვყავს გვერდით ისეთი, ვისაც თავს მოვაწონებთ “ახალი მე-თი”, ვისაც დავანახებთ როგორ ვიცვამთ, როგორ ვიკრავთ თმას..
მოკლედ, მინდოდა მეთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი ყველზაე ცუდი, რაც შეიძლება ურთიერთობას მოჰყვეს, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარები ვართ ჩვენ, ადამიანები..
არ დაგავიწყდეთ, რომ როცა მან თავისი ნივთების დალაგება დაიწყო თქვენს ცხოვრებაში, ისეთი მოსწონდით როგორიც იყავით, მოკლე თმით, გრძელი ქვედაბოლოთი, ღია ფერის ლაქით..
ჩვენ არ ვართ ძაღლები, იმისთვის რომ დავემსგავსოთ ჩვენს პატრონებს..