სოფელი

თითქმის ყოველ ზაფხულს ბავშვობიდან  მოყოლებული სოფელში ვატარებდი.  აქ მქონდა ყველაფერი რაც მტვრიან თბილისში მაკლდა – სივრცე, სიმშვიდე, წიგნები… მაგრამ ეს იყო ბავშვობაში, მაშინ როცა სხვებზე დამოკიდებული ვიყავი, როცა მშობლების გარეშე ვერსად წავიდოდი.

ყოველთვის მინდოდა რომ მწერალი გამოვსულიყვაი. უკვე სასაცილოა ჩემი ფრაზა, მწერალი ვერ გამოხვალ, ასე მგონია – ან წერ, ან არა. სოფელში რომ ჩამოვდიოდი  ყოველთვის ბევრად მეტს ვწერდი. ვწერდი ათასგვარ სისულელეებზე, იმდენად დიდ სისულელეებზე, რომ დღეს არცერთ მათგანს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, სადღაც შევყარე, ძველ თაროებზე.

იქნებ ეს ნაწერიც ავისროლო ოდესმე სადმე, მივარდნილ ადგილას.

ისე სხვაგვარი პოსტის დაწერას ვაპირებდი, უფრო ზოგადის და ნაკლებ პირადულის…

სოფელი თან მიყვარს და თან არ მიყვარს.

აი რატომ არ მიყვარს ამაზე უამრავი არგუმენტი მომეძევება გონებაში. წლების მანძილზე მაღიზიანებდა ამ პატარა სოფლის უჩვეულო სიწყნარე. გაივლი საღამოს გარეთ და არსად არავინაა. ყველას მაგრად აქვს სახლის კარები დაგმანული, თითქოს საღამოობით სიცოცხლე წყდება.

სოფლებში არ მიყვარს ის, რომ უამრავი პრობლემაა. ეს პრობლემები წლების განმავლობაში რჩება მოუგვარებლად, არ ვიცი ხალხი ვის ელოდება, არ ვიცი რატომ დუმან ყოველთვის. აი მაგალითად, თუ 2001 წელს წყალი არ იყო ჩემს უბანში, არც 2013 წელსაა. ადამიანები არ ცვლიან არაფერს.

სოფელში ყველას აქვს თავისი აზრი პოლიტიკაზე, იმაზე რა ხდება სკოლაში, რა ხდება სოფლის გამგეობაში და რა ხდება ქვემო უბნის მესამე მაცხოვრებლის მეორე სართულის მეხუთე ოთახში. ამ აზრს ყველა თამამად გამოთქვამს…

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ადამიანები ფანატიზმს არიან ამოფარებული, ისინი აბალახებენ ეკლესიის გზას, დარბიან შაბათ-კვირას მამაოსთან, იცავენ წესებს, კანონებს და ამ ყველაფერს ზოგჯერ მხოლოდ კარის მეზობლის დასანახად.

სოფლის ქალები თვლიან, რომ აუცილებლად ცუდად უნდა გამოიყურებოდნენ, არ უნდა ჰქონდეთ გრძელი ფრჩხილები, არ უნდა ესვათ წითელი ლაქი, არ უნდა ჰყავდეთ მანქანა, უნდა ხეხავდნენ, რეცხავდნენ, მუშაობდნენ, ხარშავდნენ მურაბებს, კომპოტებს, კონსერვებს – ყოველ წუთას, ყოველ დღე, ყოველ კვირას და საერთოდაც მთელი ცხოვრება. თავს უფლებას არ აძლევენ მიიღონ პატარ-პატარა სიამოვნებები.  ჩართონ მუსიკა, იცეკვონ მაშინ, როცა მოუნდებათ,  წავიდნენ დასასვენებლად ქმართან ერთად, შვილების გარეშე. ისინი ზოგავენ, ყოველთვს ზოგავენ ფულს – ამ მიზეზის გამოც არ მიყვარს სოფელი.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ ახალგაზრდები ხშირად კითხულობენ წიგნებს, ისინი ცხოვრობენ წიგნის გმირების ცხოვრებით და ძირითადად არაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავადაც ჰქონდეთ თავგადასავლები, თავადაც შეიგრძნონ ის, რაც ასე მოსწონთ წიგნებში.

არ მიყვარს სოფელი იმიტომ, რომ არ უყვართ ის თვითონ სოფლის მაცხოვრებლებსაც. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ ის ყველაზე ადვილად შეიძლება დაემსგავსოს ჭაობს. არ მიყვარს სოფელი იმიტომ რომ მასაც ისეთივე მანკიერებები აქვს შეყრილი, როგორიც ქალაქს. უბრალოდ ქალაქი ამას აღიარებს. არ მიყვარს ქართული სოფლების ჩაკეტილი სივრცეები, ჩაკეტილი ცხოვრების წესი.

არ მიყვარს სოფელი.

და თან მაინც მიყვარს, იმიტომ რომ აქ მაქვს სახლი,სახლში ლეღვის ხე დგას. მიყვარს იმიტომ რომ ჩემი სახლი, ჩემი ეზო მამშვიდებს, მაწყნარებს და ენერგიით მავსებს. იმიტომ რომ ჩემი ეზო მწვანეა.

One thought on “სოფელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s