მიტოვებული შვილები


შეწმენდასაც შველოდა, ორივე ხელით უხახუნებდა ბეჭებზე პირსახოცს. დაავარცხნინა თმაც._ხილაბანდსაც მოგახვევო. კაცმა გაკვირვებით შეხედა._არ გაგიცივდეს სველი,_თმაში შეუყო ხელი. კაცს სიცილი აუტყდა, ქალიც მიხვდა, რომ სისულელეს ეუბნებოდა. უცებ წარმოიდგინა, კაცი სხვა რუხ კაცებში მდგარი, ორთქლი რომ ასდიოდათ რუხ ყინვაში და შეჭირხლული ჰქონდათ წარბები. ცხვირის წვერი დაეწვა, თვალები აჩქარებით აახამხამა._წადი, დაწექი, მეც ახლავე მოვალო. კაცი რატომღაც გალაჯული წავიდა, თითქოს უნდა გაქცეულიყო, თითქოს ყინულზე დასხლტომის ეშინოდა. საბანს ხელი აჰკრა და ლოგინში შეწვა. _უუუ! აღმოხდა აკანკალებულს. ხუთ წელიწადზე მეტი იყო, ნამდვილ საწოლში არ წოლილა._უუუ!_იძახდა უფრო ჩუმად და ვერ მიმხვდარიყო, რა ძახილი იყო ეს, სიამოვნებისა თუ ტანჯვისა.თვალები დახუჭა, კანკალი შეუჩერდა. იწვა თვალებდახუჭული. თანდათან ხვდებოდა სიამოვნებისა რომ იყო ეს თრთოლა და ძახილი. საბანი კარგად შემოიხვია, გვერდზე გადაბრუნდა. გაყუჩდა. მაშინვე ძილმა წაიღო, მაგრამ შეკრთა_დაძინება არ უნდოდა,_თვალები დააჭყიტა. რამდენჯერმე დაემართა ასე, ჩაეძინა და თვალები დააჭყიტა. ქალი ისევ წყალს ახმაურებდა. ბოლოს, როგორც იქნა, წყლის ხმაური შეწყდა. როგორც იქნა, ქალიც გამოჩნდა, თეთრი, თეთრი, თეთრპერანგიანი. თმას ისწორებდა ღიმილით. უკანასკნელი ნაბიჯები ტკეპნით გამოიარა, ღონივრად ადგამდა იატაკს ფეხს. კაცმა საბანი ასწია, ქალი შეუწვა, ლოგინში აიძრო პერანგი. მიეკვრნენ ერთმანეთს. ასე იყვნენ ერთხანს, ერთმანეთთან მიკრულნი, უძრავნი. მერე კაცის ხელი შეტოკდა. ქალი პატარა იყო, დაპატარავებული. ქალმა დაასწრო სიცილით,_რამხელა გამხდარხარ, ეე!_კაცი ხმას არ იღებდა. ჯერ იხუტებდა ქალს, მერე განზე გასწია, თითქოსსულის მობრუნებას აპირებდა. ქალმა გადიდებული თვალები მიაპყრო. კაცს ფიქრიანი, ფიქრიანი თვალები ჰქონდა. კაცი მიხვდა, ქალი ეკითხებოდა, რა მოხდაო. კაცმა გაიღიმა და ჩურჩულით უთხრა:_ისეთი ჩემიანი ხარ, ისეთი..რა სიტყვა უნდა ვიხმარო, არ ვიცი… მშო… არა, ქართულად არ გამოვა ეს… ისეთი ახლობელი, ღმერთისა მეშინია, რომ გეხვევი.
ქალს თვალები გაუთბა, შუბლი მიადო ყურისძირთან.

იქ თქვა:_ორივენი ღვთის შვილები ვართ. _ღვთის შვილები?!._კაცმა მაღლა აიხედა, იყო ასე. მერე სიმწრით ჩაეცინა და ქალს დაუბრუნდა._მიტოვებული შვილები…

რევაზ ინანიშვილი

დატოვე კომენტარი