გოდერძი ჩოხელი

“თევზის წერილები”

(ნაწყვეტი)

«ძლივს არ მოიფიქრეთ?
ადამიანის მოკვეთა თქვენი ძველისძველი ხერხია, სხვათაშორის, თევზებს არა გვაქვს ეგეთი კანონები.
მე თქვენზე უარი განვაცხადე და თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღეთ. აუჰ!.. როგორი პატივმოყვარეები ხართ. მაშინებთ იმით, რისიც არ მეშინია. მე ხელს მაძლევს კიდეც მოკვეთა, უფრო დამეხმარება თქვენს დავიწყებაში. კარგია, კარგად მოგიფიქრებიათ, მერე მაინც გამანებებთ თავს.
გამწარებული ხალხი? – რა სასაცილოა, ვინ იცის, რამდენი მოძმე მოუკვეთიათ და რამდენი ყოფილა იმათში მართალი.
ზამთრისა მეშინია? – სულაც არა. მე თანდათან შევეჩვევი წყალში თევზად ყოფნას. შემოდგომამდე ყვინთვას ვისწავლი და წავყვები არაგვს თბილ ქვეყნებისაკენ. თქვენ კი, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. მე ადამიანებზე იმაზე უწინ განვაცხადე უარი, ვიდრე ისინი უარმყოფდნენ, ამიტომ მაგ მოკვეთისა არ მეშინია».
თევზი».

****************

–რა არის სიცოცხლე?

სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

–რა არის სიკვდილი?

–სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

 

 

 

 

 

შენს წინ ცოდვიანი გზაა


სული უსასრულოდ ღრმაა
ღამის წყვიადივით ბნელი,
სული საწუთროზე ბრმაა
ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.
შენს წინ ცოდვიანი გზაა,
არის ბოროტება, შური
სული შეინახე წმინდად,
შენი უცოდველი სულით
გახდი სულქმნილება სრული.

*****

სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი…
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი…

 

მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

– უნდა წავიდე – იძახის გამიხარდა.

-სად? – ეკითხება ცოლი.

– მგელთან.

– გადაირიე კაცო?!

– კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს – ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

– მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! – ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო…

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

– ქალო! – გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

– დამისხი! – თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

– ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

– აუუუ! – თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები…
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას…
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში…
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს…
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა…
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!

p.s

ადამიანი ნამიდან რომ დაინახავს სამყაროს…ადამიანთა სევდას რომ შეაგროვებს…ასე ძალიან რომ ეყვარება ადამიანი….ადამიანი რომელსაც გულის ოპერაციის ფული ვერ შეუგროვეს.. კიდევ ერთი დიდებული პიროვნება მოვკალით…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s