ქაღალდის ნავი


რა გინდა, თორნიკე,
ზუსტად გაარკვიე, ფურცელზე ჩამოწერე
და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ,
ქვემოდან-ზემოთ.
მეტი არაფერი,
რომ არ აგისრულდება, კარგად იცი. 

ყველა ძაღლი გარეთ გაყარეს
უამინდობის გამო.
მიდიხარ გზაზე,
გუბესთან აკეთებ ქაღალდის ნავს,
ჯდები ნავში, უსვამ ნიჩბებს – ხელებს,
გადადიხარ მეორე ნაპირზე.

ოთხი წლის მანძილზე აკვირდები
მანეკენივით მდგარ მოხუცს გაწვდილი ხელით,
რომელიც ბრმაა,
რომელიც ატარებს ოპტიკურ სათვალეს
მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ
მისი უსინათლო უპეები
და მიხვდნენ, რომ შორსმხედველები არიან
სხვის საქმეში…

დღეს გაიგე მეზობლის სიკვდილის ამბავი,
მიზეზი – გულის გაჩერება.
აუყევი კიბეს,
ჩამოდიოდნენ სხვები
სიცილით, ყოფითი ჭიჭყინით, ჩურჩულით
და პირველი რაც გაიფიქრე:
ამათი გული არც არასდროს ფეთქავდა.

მიდიხარ სამსახურში,
სადაც ხშირად საუბრობენ დოლარის კურსის მატებაზე.
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს!
ბევრს ეწევი, აი, ახლაც…
ჯიბეში – ხურდა იაფფასიანი
სიგარეტისთვის.

მოდიხარ სახლში,
კარი არ არის ჩარაზული, ანუ გელოდებიან.
არც შენ ჩაკეტავ – დაუცდი ერთს,
რომელზეც გეუბნებიან:
\”მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს\”…
ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა.

შიზოფრენიით დაავადებულებს, ფსიქოპატებს,
მანიაკებს, მკვლელებს,
მთვარეულებს შორის
შენ ყველაზე საღად მოაზროვნე ხარ,
მაგრამ არა – ნორმალური.

რა გინდა, თორნიკე, ვერასოდეს გაარკვევ.
აიღე სუფთა ფურცელი
და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ,
ქვემოდან-ზემოთ.
მეტი არაფერი.

P.S. შიმშილით მომაკვდავი ძაღლი თათებით თხრის მიწას და ძვალს ინახავს, როგორც იმედს. ასევე ვარ მე მამაჩემის საფლავზე,  გონების დაკარგვამდე სულით მშიერი. იქ ის ძვლებია, მე რომ ჩემს სხეულში ვგრძნობ თანდათან. ფრჩხილებში მიწა მაქვს, როცა იქიდან მოვდივარ, მაგრამ ჯერ ვერ გავბედე მასთან ჩასვლა.

ზოგჯერ გვერდით ვწვები ხოლმე  და ვფიქრობ, რომ ცხოვრება ყაზარმაა. მამა ქვედა საწოლზე წევს, მე – ზემოთ…

პ.ს

მე შემთხვევით გადავაწტდი ამ ლექსს http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=40906 და მაშინვე გადმოვაკოპირე, ძალიაან მომეწონა. ლექსი ეკუთვნის თორნიკე ჭელიძეს, და იმედი მაქვს საავტორო უფლებების დარღვევისათვის არ მიჩივლებს🙂

4 thoughts on “ქაღალდის ნავი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s