ამქვეყნად ბევრი სახის ემოციაა, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ იმიტომ რომ ერთზე ვწერ, გალაკტიონის ლექსების წაკითხვისას რომ მეუფლება იმაზე…

იცით რა მემართება ამ დროს? თავი მართლა დაჭრილი გედი, “ღამენათევი და ნამთვრალები” ქალი მგონია, ამ დროს არც აქ ვარ არც იქ, არამედ სადღაც სხვაგან… მსუბუქად რომ ვთქვა პოეზიაში:)

ბევრი ვიფიქრე სად დამედო მისი ლექსები, და ბოლოს ახალი გვერდის  გაკეთება გადავწყვიტე, გალაკტიონს ჩემს ნაჯღაპნებში ნამდვილად ვერ განვათავსებ:)

მიყვარს, ვგიჟდები, ვაბოდებ ამ პოეტზე, სულით ხორცამდე ვგრძნობ მის ემოციას, მის ტალღას ვნებებისა თუ მორევს მოგონებებისა, ვგრძნობ და განვიცდი, საშნლად ძლიერად განვიცდი…

გალაკტიონი
ბიოგრაფია 

(1891-1959)

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა -ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრe გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი   იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს

 

და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის “შუქის” გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა. 1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული,რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი   ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები
იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში. დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე – ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ. გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი
იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას – საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.
ა მ ო ნ ა რ ი დ ი
აღნიშნე, დრო, დრო აღნიშნე შენს მიერ ნაწერ ფურცლებზე. ნუ დასტოვებ მათ უთვისტომოდ, დროს, ეპოქის დასივრცის გარეშე. რასაკვირველია, ყოველი შენი ნაწარმოების სტრიქონებში ღრმად ჩაქსოვილია ეპოქები, ეპოქა წამებისაც, ეპოქა ახალი ცხოვრების მოპოვების, ძველის ნგრევის, ეპოქა გარდატეხის, ეპოქა მძიმე ინდუსტრიის შექმნის სოციალისტურ ლიანდაგზე, ეპოქა,რომელიც ექადაგება მსოფლიო კაპიტალს, ეპოქა, რომელიც წითელი დროშის ქვეშ გაშმაგებული ერთ მეექვსედზე დედამიწის ზურგზე აშენებს ახალ ცხოვრებას და მთელ მსოფლიო კაპიტალს, ფესვებდამპალს, უცხადებს უკანასკნელ გადამწყვეტ ომს შრომის გასანთავისუფლებლად მტელ მსოფლიოში. მოძრაობს, ამოძრავდა მონები ინდოეთის, გერმანიის, ეგვიპტის, პოლონეთის, კიტაის. ბობოქრობს ხმელეთი და ოკეანეები. კლასთა ბრძოლა, კლასთა ღელვა, შეირყა , შეირყა ჯაჭვები… და ყველა ეს ლექსებში, პოემებში ჩაქსოვილია სურათებათ ბეჯითად, შიშით, რომ არაფერი, არც ერთი ფერი, არც ერთი ძაფი არ გამოგრჩენოდა. და შემდეგ ახალი დაახლი ეპოქა რომ გადახედავს შენს ნაწარმოებს, მეშინია, შეუმჩნეველი არ დარჩეს მას ის შენი ხელის, აზრების დაგრძნობების ჟრიამული, რასაც შენ აქსოვ ეხლა შენს ლექსებში. ვინ უყურებს მას, თუ რას იტან შენ, შენს ღარიბულ ოთახში როდესაც სწერ, როგორ დაჭიმულია შენი ძარღვები, აზრები… ეხლა, როგორც ხანდისხან მუშაობის დროს, მოგიგონებ შენ, მაქ ცივ ოთახშიმომუშავეს, და გამიელვებს აზრი: დრო, ულმობელი, დღევანდელ თაობას ერთ დროს წაგვიშლის. როგორც შემოდგომის ფურცელი, შენც მიგფარავს სამუდამოთ და დარჩება მუდამ ცოცხალი შენი ლექსები, პოემები, შენი სურათი აქარგული ეპოქებით, მაგრამ წამებს, საათებს შენი განცდისას ვინ დაითვლის მაშინ, ვინ აკინძავს? არავინ? მე არ მინდა, წამიც, წამიც შნი ნააზრის, ნაგრძნობის დაიკარგოს. მეშინია. აღნიშნე დრო. დრო აღნიშნე. 1/11-31 

ხელოვანის ტრაგედია
ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: “დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადაუხვევ გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ… რა დიდი ამბავია თავისთავის წინააგმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ… განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არშევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ…”   მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით დასასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ მარტოა. და აქ იწყება მიდი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფმება მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, მშვენიერზე მშვენიერი გზა. მაგრამ … რა ახლოა და როგორ შორსაა იგი… ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ! საბოლოოდ გადაბრუნდა!
2 ნოემბერი, 1948 წელი

საუკუნის დასაწყისის პოეზია
ეს პოეტის “მე”-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს. ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის ჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ “პოეზია იწყება მისით და თავდება მისით”? როდესაც მასა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, რა და რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი   იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის, ზოგადად რომ ვსთქვათ, ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურული ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე – ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისი საქართველოს მწერლების ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ. თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაწყება მშენებლობა ახალი პოეზიისა. ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი.   სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდსილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა,   რომელიც არევს სიმღერას (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ის განგებ იყო გამოგზავნილი ჩვენს გასაგიზიანესიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).
1950 წ.

საკუთარი ლექსების შესახებ
1
“რომ მეფე ვარ და პოეტი” – მქონდა ასეთი   ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას   უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის   მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი…. აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე – ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.
2
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც   რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის – ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში – არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?… (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი – ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” – ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.
3
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!
1950-1958წ.

მწერლობისა და სიტყვისათვის
მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვქერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ჭირსი მგონია. მე არ მჭირდება ფულები. და არას დროს არაფერს არ დავწერ ფულებისათვის. მე არ ვფიქრობ წერისათვის.მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებები და გავავრცელო რა არასწორი (ყალბი), დაჭიმული და მერყევი აზრები, ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლედა გარკვეულობა: მე არ ვსწერ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი დავწერო. ხდება ხანდახან, ესე შეემთხვევა ხანდახან ბევრს საუკეთესო ჩვენას მწერლებს; ასე მაგალითად… როგორც კი შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია… ბოლოსდაბოლოს მე შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაიწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელი სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ, საუკეთესო, მშვენიერი წიგნები, ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე,როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისთვის… (ხანდახან პატიოსნება )

ბარათაშვილი, ილია, აკაკი……..
პოეტის, ბარათაშვილის, მწარე გულსაკლავი ქვითინი ის-ის იყო შეწყდა. იგი, ყველასათვის უცნობი და უცხო თავის უკვდავი განცდით და მზიური შემოქმედებით, ყველასათვის უცნაური თავისი საქართველოსათვის ახალი და მოულოდნელი მოტივებით, ყველასგან დევნილი ბარათაშვილი უცხო მხარეში გარდაიცვალა და, ილია ჭავჭავაძის არიყოს, “ვინ უწყის თანა რაოდენნი წარიღო ფიქრნი, რაოდენ   გრძნობით ჯერ უთქმელად ჩაესვენა.” ბარათაშვილის პოეტურმა შემოქმედებამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიმარჯვა, მაშინ როდესაც საზოგადო ლიტერატურამ დაკარგული ძალა და გავლენა ისევ მოიპოვა საქართველოში. თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენში მაშინდელ ლიტერატურას, ამის საუკეთესო მაგალითი ბარათაშვილია. იგი მსხვერპლი გახდა მაშინდელი საზოგადოებრივობის ინდეფერენტიზმია, მწარე, გულსაკლავი ტირილი აღმოხდა, მწუხარედ ქვითინებდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბარათაშვილის სიკვდილი გაიგო.
ბარათაშვილი არ იყო პროფესიონალი ლიტერატორი…. ლიტერატურის პრესტიჟის ასამაღლებლად საჭირო იყო უფრო გამბედავი და მეტი ცოდნით, გამოცდილებით შეიარაღებული ახალგაზრდობა, რომელსაც ცოტათი ნიადაგიც და ასპარეზი სჭირდებოდა სამოქმედო და რომლის დროშა ხელში აიღეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. უკანასკნელებმა წაუშლელი კვალი დააჩნიეს ქართველი ინტელიგენციის ისტორიაში. საზოგადოდ ქართველი ინტელიგენციის ისტორია ამ ორი პიროვნების გამოსვლით იქყება. ჩვენს წინ ცოცხლად სდგას ერთი მხრით დაუღალავი მშრომელი და ძლიერი სულიერი ნების პატრონი ილია ჭავჭავაძე, მეორე მხრით დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი პოეტი აკაკი.

ქართული ლექსის შესახებ
გამოსარკვევია: “კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას ”. თუ მართლა ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, უნდა შვისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის   გამოცდილება ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.

პირველი ლექსი
პირველი ჩემი ლექსი “ღრუბელი” დაიბეჭდა 1908 წელს ჟურნალ “ახალ კვალში”, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლუციონერის, შსანიშნავი ადამიანის ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი დაწერილი იყო 1905 წლის შავი რეაქციის გამეფების დროს. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით მომეპყრო. მან წარმადგინა თავისი ჟურნალის თანამშრომლებთან პოეტური სიტყვებით: “იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი”. გახარებულმა იმავე დღეს შევიარე ეხლანდელი პრესის ქუჩაზე გაზ. “ამირანის” რედაქციაში. მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორ სწერთ ასეთ ლექსებს და სხვა. ჩემი ორი პირველი ლექსი ერთი და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მალე გადავიქეცი პირველ ქართულ სიტყვაკაზმულ ჟურნალის “ფასკუნჯის” ძირითად თანამშრომლად. ამ ჟურნალში მაშინ თავი მოიყარა საქართველოს ყველა ცნობილმა მწერალმა. ამ ჟურანლში მე მოვათავსე მთელი რიგი ლექსებისა. შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი ან გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.
[1923 წ.]

ბიცოლა ელისაბედი ჩვეულებრივად შემოვიდა დედაჩემის სანახავად.
მე მას ვუჩვენე ტიციანის წერილი “კომუნისტში”, საქ. გასაბჭიოების 14 წლის შესრულების გამო.
– ეგ ხომ თქვენი საქმეს – წერა! – სიხარულით სთქვა მან. შემდეგ დაუმატა.
– შენ ხომ ჩემი მფერხავი იყავი ყოველ ახალ წელიწადს. გახსოვს ვერცხლის აბაზიანები? შენ ყოველთვის კარგი ფეხის იყავი.
– მახსოვს, ორსულად ვიყავი. ტიციანი დაბადებული არ იყო. ვიწექი. ახალი წლის ღამეს ჩემმა დ ედამთილმა შემოიყვანა გალაკტიონი, ჯერ პატარა, ფეხზე ვერ დადიოდა და ლოგინში შმომიგორა: კარგი ფეხის არისო! როდესაც გათენდა, მე წამოვდექი. რანაირადაც არ მიჭირდა, ოთახში გავიარე. პირველად იმ ახალ წელიწადს დღეს ნელა დადგა ფეხზე და გაიარა გალაკტიონმაც, მან ფეხი აიდგა და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
[1935]

“მერი”
1
სახელი “მერი” – მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.
2
“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
[1938]

ასი ლექსი
-ასი ლექსი? – წამოიძახა მოსემ, – ბრავო! რამ დაგაწერია, შე კაცო, ასი ლექსი… ძვირფასი ამბავია, მაგრამ ასი ლექსი… ამას ხომ ჟურნალის ასე გვერდი მოუნდება, აჰა…არა, შენ ამბობ, რომ მხოლოდ თორმეტი გვერდი იქნებაო… ძალიან კარგი…. რანაირად მოახაზირე ახლა შნ მაი…ა?
-მოვახერხე სულ უბრალოდ: ოთხ-ოთხი სტრიქონი ერთ სტრიქონად გადავაქციე.
– მერერეიზა ჰქენი მაი საქმე… დარჩენილიყო ოთხ-ოთხ სტრიქონად…მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი: ნელა-ნელა ვბეჭდავდი თითო ლექსს თითო ნომერში: ესეც შენი ასი ნომერი “მნათობის”. ეხლა კი ასი ლექსია – და ჰონორარს კი მიიღებ ერთი ლექსისას. რეიზა შობი ახლა მაგ საქმეს, ა?
– იმისთვის, ჩემო მოსე, რომჩემთვის უმჯობესია ლექსები დაიბეჭდოს ეხლავე, თორემ სულერთია, დამეკარგება, ან გადამავიწყდება. მეორეც ისა, რომ ლექსების ჰონორარით არავის უცხოვრია ჩვენში და მე როგორ შვძლებ, რომ ვიცხოვრო? დეე, ასი ლექსი ერთ ლექსად ჩაითვალოს. არაფერია, გავსძლებთ. მესამე კიდევ….
– დაიცა, დაიცა. რას ამბობ, ვერგავიგე. ეს როგორაა, რომ სხვები თითო ლექსს ათ-ატჯერ ბეჭდავენ, ერთი ლექსი ათ ლექსად გამოჰყავთ… შენ კი ასი ლექსი გინდა ერთ ლექსად ჩაგითვალონ. კარგი, ნება შენია… მესამე კიდევ რაო?
– მესამე ისა კიდევ, ჩემო მოსევ, რომ კიდევ ბევრი ასი მაქვს დასაბეჭდი და თუ თითო-თითოდ ვბეჭდე, ძაან ადრე კი მოვრჩები საქმეს – აი?
– ორიგინალური კია, – სთქვა მოსემ, – ასი ლექსი ერთად ვისმეს რომელიმე ჟურნალში რომ დაებეჭდოს, არ მაგონდება, მოიცა, როგორაა “პროლოგი”?
…”რა საოცარი დასრულდა წლები,
მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი”…
მშვენიერია, იშვიათია… მაშ შენ ამბობ, რომ კიდევ ბევრი ასი გაქვსა დასაბეჭდი… მე კი სულო ცოდვილო, მეგონა, რომ შენ ეფექტის მოყვარული ხარ, გინდოდა გაგეოცებინა ხალხი ორიგინალური სათაურით ასი ლექსი!
– არა, ჩემო მოსევ, შეცდომაში არავინ შეგიყვანოს. რა დროს ორიგინალობა და ეფექტებია, შიძლება ხვალ მოვკვდე და ეს ლექსები მაინც დარჩეს დაბეჭდილნი. შეიძლება შთამომავლობამ შეაფასოს ისე, როგორც საჭიროა. უმჯობესია ეხლავე დაიბეჭდოს, თორემ მე თუ ‘’მნათობის” ასი ნომრის გამოსვლას ვუცადე… სად წაგვიყვანს…

“ექსპრომტი”
ძალიან, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, უბიდან ქაღალდები ამოვიღე, წინ დავიწყვე და ერთი მათგანი, “სიმღერა 1 მაისს”, რამდენჯერმე გადავიკითხე. გვერდით რომ აკაკი შანიძე მიჯდა, ჩუმად შემეკითხა:
– რა არის ეს?
– “ექსპრომტია”.
– რა ექსპრომტი?
– აი, “კომუნისტში” ვიყავ, იქ დავწერე. მგონი დაიბეჭდოს კიდეც.
– შეიძლება წავიკითხო?
– ინებეთ.
ჰკითხულობდა ძალიან გულდასმით. მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა. აუდიტორია უსმენდა. აკაკი ჩუმად ჩემს ლექსს ჰკითხულობდა, ძალიან გულდასმით. ხელში კარანდაშით. შმდეგ იგი მე მომიბრუნდა:
– წაიკითხეთ ეს “ექსპრომტი” აქ, ამ აუდიტორიაში.
მე შეშინებით ვუთხარი:
– რას ამბობთ, არასგზით არ შემიძლია. დიდი ხანია, საზოგადოების   წინ არაფერი წამიკითხავს. თავს კარგად ვერა ვგრძნობ. არ შემიძლია.
– მაშ კარგი. მე წავიკითხავ… ნებას მაძლევთ?
მე ამაზედაც დავფიქრდი… გავიფიქრე, ეს აკადემიაა… სხვა აუდიტორია. მაგრამ ბოლოს დავთანხმდი, გადაწყდა ასე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიის წაიკითხავს ჩემს ლექსს.
მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა. აუდიტორია უსმენდა. ვიცე-პრეზიდენტი ემზადება ჩემი ლექსის წასაკითხავად.

დედაჩემი
ჩონგურზე უკრავს ქალი. მე გატაცებით ვუგდებ მას ყურს. სოფელს სძინავს. ყოველივე ღამის სიბნელეშია გახვეული. ამ ბნელს,მყუდრო, ჩუმ, გარემოზე უცბად ამოდის   მთვარე და გააშუქებს ჩემს აივანს. ქართულ რიკულებიან აივანს – და ქალს, მიხლებზეჩონგურით. მთვარის ნათელზე შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს ქალი. ეს – დედაჩემია. ა, გატუნია, მეუბნება იგი, – კარგად დამიგდე ყური. შენ გაგიგონია, რომ ჩონგური კი არ მღეროდეს, ლაპარაკობდეს, იმეორებდეს პირდაპირ, სწორედ იმას, რასაც შენ ამბობ, რასაც შენ მღერი? აი, მაგალითად: ჩე-მი ქმა-რი სად წა-ვი-და? – დედა მღერის – ჩე-მი ძმა-ნი სად წა-ვი-და? ჩამოჰკრა სიმს; ერთს, მეორეს, ჩონგური ბგერა-ბგერით იმეორებს იმასვე, რასაც მღერის დედა. სიტყვებში ისმის შეკითხვა, ჩონგურიც იმეორებს ამ შეკითხვას – სად წა-ვი-და? ისეთის ზედმიწევნით განმეორებით, რომ მე ჩემს სმენას არ ვუჯერი. “რა არის ეს? გადასარევია, დედა! ” – ვამბობ. დედა კი განაგრძობს: და-უ-უ-ძახეთ, სადწავ-ვიდა: (ორჯერ). ხომ გაკვირვებითი ძახილია? და ჩონგურიც თანაბარის ბგერით გადმოსცემს ამ ძახილს. ძახილის სიტყვები მეორდება, ჩონგურის ჟღერაც მეორდება და ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს გაოცებას. ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, იმეორებს პირდაპირ მას, რასაც დედა ამბობს, წარმოგიდგენიათ? “ჩემი ქმარი სად წავიდა, დაუძახეთ, სად წავიდა”. – იძახის ქალი, იძახის ჩონგურიც, მაგრამ ამაოდ: არსადაც არა სჩანს ეს ქმარი და აი, გამძაფრებული შეტევა, წყევლა-კრულა, ქოქოლა: “სად მის ქვესკნელში, სად ჯანდაბაში წასულა, დედამიწაშიც წასულა, წასულა, აღარ მოსულა, ჰო-ო-ოი”, უკანასკნელი სიტყვები ერთის ტონით ისმის, თითქო რეჩიტატივია. ეს ერთი ტონი ჰქმნის ილუზიას, თითქო ჩონგური კი არ ჟღერს, არამედ საუბრობს, ლაპარაკობს ღრმა დრამატიზმით აღსავსე სიტყვებს და სიმღერაც თავდება ყველაფრის გადამწყვეტი წერტილით, დამამთავრებელი ხმით : “ჰო-ო-ოი!”
დედაჩემი გადადებს ჩონგურს… მე ისევ ბურუსში რომ ვარ, დედა მარდად სდგება და მესმის ეხლა პროზაული!
– ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, საქონელი გაღმა გავიყვანოთ, წისქვილზე ვინმე უნდა გავგზავნოთ.
– რა გვეშველება, რა გვეშველება, სიმინდი მოსატეხია, ჩალა ასაჩეხია, დავიძინოთ, ჩემო გატუნია! რა გვემღერება, რა გვეჩონგურება? მეც ვდგები, მაგრამ ისევ მესმის თითქო:
ჩემი ქმარი სად წავიდა?
დაუძახეთ, სად წავიდა!
სად მის ქვესკნელში წასულა,
სად ჯანდაბაში წასულა,
დედამიწაშიც წასულა… ჰოოი!
ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, ძგერა-ძგერით იმეორებს მას, რასაც ამღერის ადამიანი.
[1950]

ქუთაისში გამგზავრება
მახსოვს: მე – პატარა, დედაჩემი და ბიძაჩემი ვართ ბიძის აივანზე. ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე. მე დაადედაჩემი ფეხზე ვდგევართ.
– კარგი, მიდიხართ, მიგყავს ბავში ქუთაისში. შენ მას იქ თავს უნდა დაადგე. აქ სახლს რას უშვები?
– სახლს ჩავკეტავ. შიგ მაინც არაფერია ისეთი.
– არის, ვიცი, რომ არის.
– სახლი თქვენი სახლის წინა დგას, თქვენ მიხედავთ ხოლმე.
– არაფერსაც არ მივხედავთ. არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ, რომ ბავშვი აღზარდოთ. დარჩით სოფელში. ბავში ნურსად მიგყავთ. ეს არის ჩემი რჩევა.
– არშემიძლია. საწყალი ვასილის (მამაჩემის) სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო: “ბავშებს მიხედე, ბავშები გაუნათლებელნი არ დატოვო; ჩემი ძმა იუსტინე დაგეხმარებაო…”
მახსოვხ, დედაჩემს თვალთაგან ცრემლი გადმოსკდა.
– მე არაფრის დახმარება არ შემიძლია. მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ.
– მე თქვენ არაფერსა გთხოვთ, – უპასუხა დედაჩემმა, – მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ.
აღარ მახსოვს, რა უპასუხა ბიძაჩემმა.

მერი შერვაშიძე
ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინედაც ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა და იმიტომ, მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან შიძლება სამი, როგორც ეს მოხდა წინად? “წყნარად, მერი შერვაშიძე, ეუბნებოდა თავის თავს ახალგაზრდა ქალი, შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცების ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ და რა საჭიროა დ ედ-მამის შეწუხება, მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ… ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს   სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლოდ. გავთხოვდები ძალიან მალე”.

საათმა თორმეტჯერ დარეკა. რიმანელი მშვიდად იყო გადაწოლილი დივანზე, გამხიარულებული ბუხართან. მისი აზრები სავსებით შებოჭილია წერილით, რომელიც ხელში ეჭირა. განსაკუთრებით დიდხანს აფიქრებდა ერთი ხაზგასმული ადგილი- 24 საათში, რათაც არ უნდა დაჯდეს, 24 საათში.
1928

წვიმის შემდეგ ცაზე აღმოსავლეთით გამოჩნდა ცისარტყელა: მასში უფრო მეტი იყო მწვანე ფერი, სწორედ ისეთი, როგორიცაა ახლად ამწვანებული ჯეჯილი სიმინდისა. იყო ცისარტყელაში წითელი ფერი, წითელი, როგორც ბროლის წიქაში მდგომარე ღვინო, რომელიც გუშინ მოგაწოდა მეგობარმა; და ყვითელი, როგორც ტობანიერში, ამ შემოდგომაზე დაგროვილი გარჩეული სიმინდის ტაროები, ან ჯერ კიდევ აუჩეხელი სიმინდის ჩალა.

რა არის წარსულზე ფიქრი? იგივე გრძნობა, როდესაც, შსაძლებელია, სამუდამოდ გულმოკლული დედა აქანავებს უბავშვოს, ცარიელ აკვანს.

განა მართლა ცაზე ვარსკვლავები ანათებენ: რამდენი ვარსკვლავებია აქ. ამბობენ, რომ ვარსკვლავების რიცხვი უდრის დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა რიცხვს. მაგრამ მე ეგ არ მჯერა რაღაც. მსოფლიო ომის დროს რამდენი ადამიანი გაიჟლიტა ვინ იცის? ცაზე კი, ცოტა გამოკლებით, იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც იყო ამ ოცი წლის წინათ. მაგრამ აი, მოსწყდა ერთი მშვენიერი ვარსკვლავიც. კრეველი, საოცარი კრეველი.

შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა. მე ვდგევარ აივანზე, ღამე მართლაც ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია. მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე. თითქო მისძინებიათ ავსულებს, ან განგებ სთვლემენ, როგორც ქაოსები, მშვიდია ეს ღამე, როგორც ბავშვის ძილი ან სამუდამო სიკვდილი. სადღაც შორს მოისმის ურმის ჭრიალი; არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მგზავრობა ასეთ სიბნელეში. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი. გწყურია გამოიტანო დინამიტი,   რომ ერთი წამით დაარღვიო ეს მყუდროება, გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი, ისეთი სიბნელეა, ეხლა რომ სამზადი სახლიდან გამოიტანო საცერი და მით უცქირო ამ წყვდიად სახეს, კერპი თვალი უსათუოდ დაინახავს გესლიანად მომღიმარე დემონს. მაგრამ არა, მიუგდე ყური. გულდასმით დაუგდე ყური. სადღაც შორს, ძალიან შორს ხმაურობს რიონი. უფერო წყალში დამღრჩვალს სულს დაეპატრონენ ავი სულები. დამხრჩვალია სული მოითხოვს შველას.

ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქო ბნელი გოლიათი წევს გულაღმა, სძინავს, მას თავს დასწოლია რაღაც ბნელი ძალა და აღრჩობს. აი, მოაღრჩო კიდეც. იგი მკვდარია.

ღამე ისე სდუმს, როგორც გატენილი თოფი.

ღამით მინდორზე სძოვს ცხენი, ფაფარი ჯაგებში ეჩრება.

ღვინო
გულია ჟანგი ღვინოს სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შმდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამომჟღავნდება ყველა საიდუმლო, დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ, ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?). ასეთია ღვინის ზალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს…
1931

ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.

გალაკტიონი – გა… გამოშრეტილი, გამოშ…ტრილი გალაკტიონი! გა-მო-შტრი-ლი! (ე.ი.გამოშტერებული გალაკტიონი, – ასე იძახდა მეორე ღობეს გადასული ჩემგან მიპერტყილი ჩემი ბიძაშვილი ქალიეთერი ბავშვობისას სოფლად). დღეს, 20 ნოემბერს, 1957 წელს ჩემთან მოვიდა მისი ქმარი და მისი დიდი შვილი, რომელიც თურმე ლექსებსაცა სწერს. მოიტანა მშვენიერი ლექსები

 

5 thoughts on “გალაკტიონ ტაბიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s